კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და განიხილება სხვა ენათმეცნიერულ დისციპლინებთან (გრამატიკა, ლექსიკა) მჭიდრო კავშირში და მიმოიხილავს რიგ ლიტერატურულ ტექსტებსა და ჟანრებს; მათი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სტუდენტი შეისწავლის ქართული სამწიგნობრო ენის სტილურ სახესხვაობებსა და თავისებურებებს. კურსის მოსმენისას სტუდენტი ეუფლება ტექსტის ინტერპრეტაციის ტექნიკებს ენათმეცნიერების სხვადასხვა ასპექტის მიხედვით, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: სტილის რაობა, სტილური ნაირსახეობები; სტილისტურად ნეიტრალური და  არანეიტრალური სიტყვები; ენის ლექსიკური ბაზის ზოგადი დახასიათება ფონეტიკის,მორფოლოგიისა და სინტაქსის კუთხით, სიტყვის სემანტიკა - მნიშვნელობის ცვლა, სინონიმია, ომონიმია, ანტონიმია, პარონიმია, ტროპული მეტყველების სახეობები, როგორც სტილური ვარიანტულობის საფუძველი; სიტყვა და კონტექსტი; სტილისტიკური ხარვეზები და მათი გამომწვევი მიზეზები და სხვ. თითოეულ კვირაში სტუდენტები გაეცნობიან და განიხილავენ ლიტერატურულ ტექსტს და გაიწაფებიან მის სტილისტურ ანალიზში, განხილული იქნება როგორც სალიტერატურო, ასევე სხვა ტიპის ტექსტებიც.